კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: თბილისში „ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringer2024 წლის 29 აპრილი. „ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია
2024 წლის 29 აპრილი. „ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
მონაწილეებს უჭირავთ ბანერი წარწერით „ღირსებით ევროპისკენ“.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მმართველი პარტიის მომხრეთა აქცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერად, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე კვირით ადრე დააანონსა. აქციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მერიამ რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დააწესა, სცენა და საჭირო აღჭურვილობა დაამონტაჟა.
აქციაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ელიან.
„ოცნების“ მხარდამჭერებმა პარლამენტთან შეკრება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობით გაიარეს.
იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მეორე მოსმენით მიიღო >>
დღევანდელი აქციის სლოგანია „ენა, მამული, სარწმუნოება“. მონაწილეებს უჭირავთ ბანერი წარწერით „ღირსებით ევროპისკენ“.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია წინასწარ ცდილობდა კანონპროექტის მხარდამჭერების დისკრედიტაციას და ცინიკურ კამპანიას აწარმოებდა ბოლო დღეებში.
რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის პარალელურად, ოპოზიცია კანონის წინააღმდეგ საკუთარ აქციას ვაკის პარკში მართავს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თითქმის ათსაათიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პირველი მოსმენით კანონი 17 აპრილს მიიღეს.
ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემო
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0