იოსელიანი: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ

© photo: Sputnik / Stringerსპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე
სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია იმართება, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში, ნათქვამია სახალხო დამცველი აპარატის განცხადებაში.
28 აპრილის 19:00 საათისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ათასობით მოწინააღმდეგე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და 2 საათის შემდეგ პარლამენტისკენ დაიძრა. რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა ხვალინდელი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის საშუალება არ მისცა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
„შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს:, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცავთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.
შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები რამდენიმე ადგილას არიან მობილიზებული - ნაწილმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტა, ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული - ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.
პარლამენტის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - პოლიციმ ე.წ.„წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
არიან დაკავებულებიც, მათ შორისაა ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014). ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 29 აპრილს არის ჩანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0