მდინარაძე: საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს

© photo: Sputnik / Stringerაშშ-ის და საქართველოს დროშები
აშშ-ის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2024
გამოწერა
საქართველო ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-სთან ურთიერთობებს - მეგობარ ქვეყანასთან უნდა იყოს პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
26 აპრილს აშშ-ის 14-მა სენატორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით. მათ გააფრთხილეს პრემიერ-მინისტრი, რომ თუ კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებული იქნებიან საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ.
„ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს. დიახ, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის, ეს არის სწორი დამოკიდებულება და თავისუფალი ვაჭრობა უნდა იყოს ღია, რაც დღეს არ გვაქვს. თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული მოკავშირეები, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ აშშ-ში თავისუფლად გადაადგილება და უნდა იყოს პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ასევე აუცილებელია გაანალიზდეს, სად მიდის ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში.
„როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ მშვიდობისთვის ბრძოლაში, როცა მათ გვერდიგვერდ ვიბრძოდით, როცა ასობით ადამიანი დასახიჩრდა და დაიჭრა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ. მისიაში ჩვენმა მონაწილეობამ გამოიწვია რამდენიმე მილიარდი დოლარის დაზოგვა. ჩვენც ვაკეთებთ რაღაცას. ნუ გამოვიყვანთ ისე,, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებოდნენ და ჩვენ, ქართველები, მოწყალების იმედად ვიყავით“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ნატოს არც ერთ არაწევრ ქვეყანას არ შეუტანია ისეთი დიდი წვლილი ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერაში, როგორც საქართველოს.
„ჩვენ მეგობრები ვართ და მათგანაც ნამდვილი მეგობრობა გვსურს", - აღნიშნა მდინარაძემ.
საკითხი იმის თაობაზე, რომ მიუხედავად გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, პირდაპირი ავიარეისები და აშშ-ს არ გაუუქმებია ვიზები, პირველად პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა წამოაყენეს. მოგვიანებით ეს თემა „ქართულმა ოცნებამ", მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აიტაცა.
საქართველო ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია.
საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას.
ყველა ახალი ამბავი
0