„ალტ-ინფომ“ არჩევნებში მონაწილეობის ბოლო შანსო დაკარგა? კოკა მორგოშიას კომენტარი

© photo: Sputnik / STRINGER„ალტ-ინფოს“ აქცია თბილისში
„ალტ-ინფოს“ აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2024
გამოწერა
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იზიარებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარტია „ქართული იდეის“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციის პროცედურის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განაცხადა პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ რეგისტრაცია გაუუქმდა, პარტია „ქართულმა იდეამ“ შესთავაზა არჩევნებში მონაწილეობა მისი სახელით. „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იზიარებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
„როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის შეჩერების რეალური მიზეზი არ ჰქონდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, „ქართული ოცნება“ არავითარ შემთხვევაში არ აძლევს საქართველოს კონსერვატიულ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - განაცხადა მორგოშიამ.
მორგოშიას თქმით, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მონაწილეობის ძალიან ეშინია.
„მათ იციან ჩვენი რეიტინგი და იციან, რომ თუ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შანსი არ ექნებათ“, - განაცხადა მორგოშიამ.
მორგოშიას თქმით, მის პარტიას აქვს გეგმები, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს გეგმები უახლოეს დროს გაჟღერდება.
საჯარო რეესტრმა პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაცია გააუქმა>>
საქართველოს ცესკომ „ქართული იდეის“ წარმომადგენელს გოჩა ჭყოიძეს წერილი გაუგზავნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ანტიკორუფციული ბიუროდან მიღებულია მიმართვა/საჩივარი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად. რასთან დაკავშირებითაც ცესკო აჩერებს არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციის განხილვის პროცედურებს.
„ეს წერილი დაგვახვედრა ცეესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70.000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა „ქართული იდეის“ (მათი ახალი პარტია - რედ.) გაუქმების პროცესიც დაიწყო“, - განაცხადა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ.
მახარაძის თქმით, პარტიის ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარდა „კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს“.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის ბოლოს „ალტ-ინფოს“ ინტერნეტ პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა. რაც შეეხება პარტიას „ქართული იდეა“, ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0