ზესტაფონის შემოვლითი გზა გაიხნა: რა დრო დასჭირდება თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას

© Courtesy of Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა რიკოთზე
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2024
გამოწერა
თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დროის შემცირება ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, გზის გახსნის შემდეგ შემცირდება.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი დასჭირდება, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას კი - 4 საათზე ნაკლები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ ექვსი წუთი დასჭირდება.
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.
„დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4-ზოლიანი გზა. მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში, ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი სიკეთით ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ვიზიტორები.
„ეს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და ეტაპობრივად დასრულდება ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი“, - განაცხადა კობახიძემ.
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს ოთხ გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14,7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა.
ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი, მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კილომეტრზე.
საუკუნის პროექტი
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთების მშენებლობაზე 2,6 მლრდ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0