დარჩიაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გამგზავრების უფლებას არ დაკარგავენ

© AP Photo / Shakh Aivazovილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2024
გამოწერა
განცხადებები, თითქოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას დაკარგავს, სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები რეზოლუციის მიღების შემდეგ არ დაკარგავენ ევროპაში უვიზო გამგზავრების უფლებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას არაფერი შეაფერხებს და მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, არანაირი შეფერხება ამ მიმართულებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კუთხით არ ექნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანგარიშები ყოველ წელს, რომელიც მზადდება ჩვენი ვალდებულებების მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
„სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი მსგავსი ტიპის რეზოლუციების, შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დაზიანებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, განცხადებები, თითქოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას დაკარგავს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ეს განცხადებებიც არის ანგაჟირებული პოლიტიკური მიზნით, იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ვინც ამაზე საუბრობს, მგონი, ეს ხალხი არ ემსახურებიან საქართველოს ევროპულ ინტერესებს, საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ეს არის ევროპარლამენტის უკვე მეოთხე კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პირველი მიიღეს 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს და მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს. ყველა დოკუმენტში, სხვა საკითხების გარდა, საუბარია ივანიშვილის დასანქცირებაზე.
წლევანდელ დოკუმენტს 705-დან მხარი 425-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის ინიცირება მოახდინეს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წევრებმა, მათ შორის რასა იუკნევიჩენემ, ანდრიუს კუბილიუსმა, სვენ მიქსერმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ, რომლებიც სისტემატურად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. როგორც მათ არაერთხელ განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლება ცვლის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს პრორუსულზე.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს კენჭი ცალკე უყარეს.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. 2023 წლის მარტში ის თავდაპირველად იყო ინიცირებული, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0