მესტია ყურადღების ცენტრშია: ტურიზმი იკლებს, აეროპორტი კი ფართოვდება
© photo: Sputnikმესტია
© photo: Sputnik
გამოწერა
გამართული ინფრასტრუქტურა, უწყვეტი ელექტრომომარაგება და კვალიფიციური პერსონალი არის ის, რაც აკლია ამ მაღალმთიან რეგიონს
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა სვანეთის მაღალმთიანი რეგიონის განვითარება, რათ ტურიზმი ყოველწლიურად, ოთხივე სეზონის განმავლობაში იზრდებოდეს. არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.
საქართველოს ერთ-ერთი თვალწარმტაცი რეგიონი სვანეთი განთქმულია შუა საუკუნეების კოშკებითა და ჰაწვალისა და თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტებით. მაგრამ ამას ახლავს არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა, პრობლემები ელექტრომომარაგებაში და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის სფეროში.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სვანეთს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდეს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვატარებთ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, იქნება ეს სამთო-სათხილამურო, კულტურული თუ სხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს სვანეთში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
წელსვე მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება. 2025 წელს მან პირველი მგზავრები უნდა მიიღოს.
© Courtesy of Mestia Airportმესტიაში ახალი აეროპორტის ტერმინალის პროექტი
მესტიაში ახალი აეროპორტის ტერმინალის პროექტი
© Courtesy of Mestia Airport
ქვრივიშვილის თქმით, ახალი ტერმინალის მშენებლობა საქართველოს საავიაციო და ტურისტული დარგების შემდგომი გაძლიერებისთვისაა საჭირო.
„ვაგრძელებთ მეტი სიხშირით ფრენას და ვახდენთ შიდა ფრენების ტარიფის სუბსიდირებას იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს შიდა ფრენა სვანეთიდან და სვანეთამდე. უპირველესად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მესტიის აეროპორტი 2010 წელს აშენდა. რეისები სრულდება ერთმოტორიანი თვითმფრინავებითა და მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავებით ნატახტრის და ქუთაისის აეროპორტებიდან.
სეზონის ჩავარდნა
მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.
„სხვადასხვა რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირი შედეგები გვქონდა... გუდაურში წარმატებული ზამთრის სეზონი გვქონდა, ბაკურიანს საშუალო, შარშანდელს ჯობდა. პესიმისტური სეზონი ჰქონდა მესტიას და ძალიან ცუდი - გოდერძის“, - განაცხადა საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.
„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ მესტიაში ზამთრის წარუმატებელი სეზონის მთავარ მიზეზად „გაბერილი ფასები“ დაასახელა.
„აქ არის ის დიდი პრობლემა, რომელიც წელს უკვე თვალნათლივ იყო – ზამთრის კურორტებზე „გაბერილი” ფასები, რაც, რეალურად, ტურისტს აფრთხობს. საქართველო მიმზიდველია იმ მხრივ, რომ აქ შეიძლება სერვისი კარგ ფასში მიიღო, მაგრამ ის სერვისი, რომელსაც „გაბერილ” ფასად იღებ, შესაძლოა, ტურისტისთვის მიუღებელი იყოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მესტიის სასტუმროებისა და გესთჰაუსების მფლობელები მიიჩნევენ, რომ პრობლემა მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. გასულ ზამთარში ძირითადად ტურისტები იყვნენ არაბული და აზიური ქვეყნებიდან მოკლევადიანი ვიზიტით. მათ არ აინტერესებდათ თხილამურებით სრიალი.
რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ისინი მესტიას თბილ სეზონზე ამჯობინებენ. თხილამურების ან სნოუბორდის მოყვარულები ძირითადად გუდაურში ან ბაკურიანში დადიან. გუდაური თბილისიდან დაახლოებით 120 კილომეტრშია, ბაკურიანი 180 კილომეტრშია, მესტია კი დედაქალაქს 450 კილომეტრითაა დაშორებული.
ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 30 დოლარია. ეს არის თბილისიდან უახლოესი აეროპორტი (30 კმ), საიდანაც ფრენები სვანეთში სრულდება.
© Sputnik / Viktor Kaminskyმესტია სვანეთი - საერთაშორისო აეროპორტი მთაში
მესტია სვანეთი - საერთაშორისო აეროპორტი მთაში
მესტიაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები დაიწყო 2021 წელს. სახელმწიფომ სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გაათავისუფლა, საწარმოებს კი დაბალი ტარიფები დაუწესა, რათა მათ რეგიონი არ დაეტოვებინათ და ტურიზმი განვითარებულიყო. ამით კრიპტოვალუტის მაინერების მფლობელებმა ისარგებლეს.
ადგილობრივებმა მესტიაში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ მაინინგური ფერმების გათიშვას და ელექტროენერგიის ნორმალურ მიწოდებას. მათ ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში და მაინერების მფარველობაში დაადანაშაულეს
2022 წლის დასაწყისში მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. მთის ტრადიციის თანახმად, ფიცის გამტეხ პირს ღვთის რისხვა დაატყდება, ამით ის ასევე თავისი წინაპრების სულებს და ხსოვნას შეურაცხყოფს.
ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა. მაინერების გამო ენერგოგამანაწილებელმა კომპანია Energo-pro Georgia-მ რომ ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვით დაიმუქრა, მაგრამ ამანაც არ გაჭრა.
იანვრის შუა რიცხვებში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. კერძოდ, 16 იანვარს სვანეთში 3 ათასმა აბონენტმა მოიხმარა ნახევარი მილიონი კილოვატსაათი, ხოლო 56 ქალაქისა და რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3,1 ათასი სოფლის მაცხოვრებელმა, რომლებსაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ ემსახურება, მხოლოდ 6 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარა.