„კანონი უცხოური გავლენის შესახებ“: „ენჯეოებმა“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეაჩერეს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის 16 აპრილი
საპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის 16 აპრილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს“
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მანამდე შეაჩერა, სანამ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არ გაიწვევენ, ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ევროპარლამენტის წევრებმა მიიღეს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შესახებ და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ. ეს არის ევროპარლამენტის უკვე მეოთხე კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში.
„ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც 126 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლება „გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს“.
„ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე იშველიებენ ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებბებს, რომლებშიც მათ მოუწოდეს მთავრობას, უარი თქვას კანონის მიღებაზე.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მომხრეები უნდა შეიკრიბონ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს კანონის მოწინააღმდეგეებს შეიკრიბონ 28 აპრილს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „თბილისი პრაიდი“, ჯგუფი „ბულიონი“ (მხატვრების გაერთიანება) და სხვები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0