პაპუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რეალურ ფაქტებს არ ეყრდნობა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, კრიმინალის ნებისმიერ დოკუმენტში რაიმე პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოში ძებნილი თავდაცვის ექს-მინისტრის, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის დადებით კონტექსტში მოხსენიება ჩრდილს აყენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს, განაცხადა პარლამენტის ტავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კეზერაშვილი ნახსენებია დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება თავისუფალი აზრის გამოხატვას. ანგარიშის თანახმად, მედიის უფლებადამცველებმა გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილთან თავდაცვის სამინისტროს დავა მიმართული იყო კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ.
„როდესაც ეს სახელი და გვარი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩნდა, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ეს რაღაც მინიშნებად ჩანს, ეს ანგარიშს აყენებს ჩრდილს, აჩვენებს, რომ არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. რა თქმა უნდა, კრიმინალის ნებისმიერ დოკუმენტში რაიმე პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა თავად ამ დოკუმენტს ვნებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საუბარია კრიმინალზე, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, საქართველოს ჯარს მოჰპარა ფული", - დასძინა პაპუაშვილმა.
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
„ქართული ოცნება“ მტკიცებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს - „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (თითქმის 2012 წლის ბოლომდე) კეზერაშვილი ხელისუფლების ზედა ეშელონების წარმომადგენლებს შორის იყო.
აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრს ვიზა არ მისცა - კეზერაშვილმა სასამართლოში იჩივლა>>>
2024 წლის მარტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილს ამერიკის ვიზაზე უარი უთხრეს, რის გამოც ბიზნესმენმა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
ამერიკის ვიზაზე უარის თქმას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" დგას. თავად კეზერაშვილმა BBC-ის სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრე „უკიდურესად მცდარი“ უწოდა.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0