ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს: პაპუაშვილი 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
ხელისუფლების სურვილია ყველას დაანახოს, თუ „სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა"
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო და ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია 29 აპრილს საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერი სახალხო შეკრება თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ყველა მივიდეს პარლამენტთან მმართველი პარტიის მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე.
„29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რადგან ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით, ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ღირსების საქმეა, ყველა დაუპირისპირდეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ დაინახოს, რა სურს ქართველ ხალხს.
„ოპოზიცია დიდი ხანია, ქართველ ხალხთან არის დაპირისპირებული. არ ვიცი, რას გულისხმობენ მომავალში, მაგრამ დღეს ქართველ ხალხთან არიან დაპირისპირებული. რამდენი ხანია, ზიზღის კამპანია აქვთ გამოხატულად და ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0