დავითაშვილი: საქართველოს ეკონომიკა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ევროპასა და რეგიონში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2024
გამოწერა
ვიცე-პრემიერის თქმით, მაღალ ეკონომიკურ აქტივობას რეკორდულად მაღალი დასაქმება მოჰყვა
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის, რომელსაც მშპ-ის 5%-ზე მაღალი ზრდა ექნება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრებს ადგილს და ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერი გახდება. ამასთან, წარმოდგენილი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 10 წელიწადში 68%-ით გაიზრდება. საქართველოს საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 5,3% იქნება.
„წელს ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკის მაღალ ზრდას, საშუალოვადიანი პროგნოზი ასევე პოზიტიურია. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2029 წლამდე პროგნოზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა, პრინციპში, ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის და ეს იქნება 5%-ზე მაღალი ეკონიმიკური ზრდა", - განაცხადა დავითაშვილმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7,7% შეადგინა, მათ შორის, თებერვალში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 9,5% შეადგინა.
„გარდა ამისა, წელს ჩვენ გველოდება 5,7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდა შეიძლება უფრო მაღალი იყოს", განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ ფორუმში „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები: გეოპოლიტიკური როლი, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა“. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და სახელმწიფოს და ბიზნეს-სექტორის თანამშრომლობის საკითხებზე.
მინისტრმა ფორუმზე გამოსვლისას ასევე მიმოიხილა საქართველოში საინვესტიციო სექტორში არსებული ვითარება. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამორჩეული იყო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მომსახურების და ტურისტული სექტორები, ასევე მაღალი იყო ეკონომიკური აქტივობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
მისი თქმით, მაღალ ეკონომიკურ აქტივობას რეკორდულად მაღალი დასაქმება მოჰყვა, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრმა აქცენტი გააკეთა, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შუა დერეფანი“ და საქართველოს ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობა, ასევე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, ეკონომიკურ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგდა „შუა დერეფნით“ გადაზიდული ტვირთების მოცულობა, 2023 წელს კი მათი მოცულობა დაახლოებით 86%-ით გაიზარდა. ამასთან, შეიქმნა 2027 წლამდე საგზაო რუკა – „შუა დერეფნის“ მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით.
„ეს საშუალებას მოგვცემს, ფასები და გადაზიდვების დრო შევამციროთ და ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება, რათა ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, აისახოს დერეფნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაში", - განაცხადა დავითაშვილმა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ყველა ახალი ამბავი
0