სუბარი: „უცხოური გავლენის გამჭვრვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს სუვერენიტეტს დაიცავს
© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ის, რაც დღეს ხდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, მიუთითებს მეგობარი ქვეყნების ელჩების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარებაზე.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში დაეხმარება, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ, შესაძლოა, სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც კელი დეგნანი (აშშ-ის ყოფილი ელჩი - რედ.) შეგნებულად აგენტების კანონს რომ უწოდებს, არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი", - განაცხადა სუბარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს ვინ რას აფინანსებს საქართველოში, რათა შემთხვევით არ დააფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ის, რაც დღეს ხდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, მიუთითებს მეგობარი ქვეყნების ელჩების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის არაღიარებაზე.
„განცხადებები, რომლებიც კეთდება, მაგალითად კელი დეგნანის, მეთიუ მილერის ან საფრანგეთის ელჩის მიერ, წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს, თითქოს ერთ კაბინეტშია დაწერილი. ეს არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, სრულ იგნორირებას უკეთებს საქართველოს სუვერენიტეტს", - განაცხადა სუბარმა.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.