საეკლესიო კალენდარი: 22 აპრილი

CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / The Sighnaghi church of Saint Stephenსიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 აპრილს მოწამეების ევფსიხიოსის (362) და ვადიმ არქიმანდრიტის (376) ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მოწამე ევფსიხიოსი
საეკლესიო კალენდარში 22 აპრილი მოწამე ევფსიხიოსის (362) ხსენების დღეა.
ევფსიხიოსი დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიხიოსმა ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისთვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამეობრივი აღსასრულისთვის გაემზადა.
გამძვინვარებულმა იმპერატორმა მთელ ქალაქს დაატეხა რისხვა: მოსახლეობის ნაწილი დაახოცინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს - კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად - ძველი სახელით მაზაკა. მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ სრულიად გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს არ ააშენებდნენ. იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ წმიდა ევფსიხიოსი გადაედრიკათ კერპთაყვანისცემისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (+362).
იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ, ქრისტიანებმა წმიდა ევფსიხიოსის საფლავზე ეკლესია ააგეს.
ვადიმ არქიმანდრიტი
საეკლესიო კალენდარში 22 აპრილი წმიდა ღირსმოწამე ვადიმ არქიმანდრიტის (+376) ხსენების დღეა.
ვადიმ არქიმანდრიტი სპარსეთის ქალაქ ბითლაპატში დაიბადა IV საუკუნეში, იზრდებოდა მდიდარ და ცნობილ ოჯახში. იგი ახალგაზრდობაშივე გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, ქონების ნაწილი დაარიგა, უდაბნოში წავიდა და დარჩენილი ფულით მონასტერი დააარსა. წმიდა ვადიმი ლოცვისთვის მთაზე ადიოდა ხოლმე, სადაც ერთხელ ღვთის დიდების ხილვის ღირსი შეიქმნა. ამ დროს სპარსეთის მეფემ, საპორმა (310-381) დაიწყო ქრისტიანთა დევნა. წმიდა ვადიმი შვიდ მოწაფესთან ერთად შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და აიძულებდნენ თაყვანი ეცათ მზისთვის და ცეცხლისთვის, მაგრამ ღირსი აღმსარებლები მტკიცედ იცავდნენ ქრისტიანობას. მათ ოთხი თვე გაატარეს ციხეში, მთელი ამ ხნის მანძილზე წმიდა ვადიმი იყო სულიერი მოძღვარი და საყრდენი სპარსეთში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
საპორის ერთმა ახლობელმა ნირსანმა, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო და ამისთვის საპყრობილეში იტანჯებოდა, ვერ გაუძლო განსაცდელს და უარყო ქრისტე. მან მეფეს აღუთქვა, რომ ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა. საპორმა ნირსანს უბრძანა, რომ თვითონ მოეკვეთა თავი წმიდა ვადიმისთვის. როდესაც ღირსმოწამე მოიყვანეს, ნირსანმა მახვილი აიღო, მაგრამ სინდისის მიერ მხილებული ადგილზე გაქვავდა. წმიდა ვადიმმა მოღალატეს უთხრა: „ნუთუ შენი ბოროტება იქამდე მივიდა, რომ არა მარტო უარყავ ქრისტე, არამედ მის მონებსაც ჰკლავ? ვაი შენდა, წყეულო! რასა იქმ მაშინ, როცა წარსდგები საშინელ სამსჯავროზე? მე სიხარულით აღვესრულები ქრისტესთვის, მაგრამ არ მინდა შენი ხელით მოვკვდე!“ მხილებით გამძვინვარებულმა ნირსანმა მახვილი ჩასცა წმიდანს, მაგრამ ისე კანკალებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა ვერ მიაყენა. ცეცხლთაყვანისმცემლები აქეზებდნენ იუდას ცოდვით დამძიმებულ მოღალატეს. ღირსმოწამე ვადიმი უძრავად იდგა და უხმოდ ითმენდა საშინელ დარტყმებს. ბოლოს ჯალათმა თავი მოჰკვეთა წმიდანს (+376).
შურისგებამაც არ დააყოვნა. სინდისის ქენჯნით შეწუხებულმა ნირსანმა მახვილი ჩაიცა გულში და თავი მოიკლა. წმიდა ვადიმის შვიდი მოწაფე საპორის გარდაცვალების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0