როინ შავაძის მკვლელობის საქმე: სასამართლომ ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
2008 წლის გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურე გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს, თუმცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ეს ვერსია დამაჯერებლად არ მიიჩნია და ახალი გამოძიება მოითხოვა.
თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავება და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.
უწყების ინფორმაციით, მათ სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, აღნიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. აქედან, კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე უკვე განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საქმის დეტალები
გამოძიების საფუძველი გახდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2022 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელმაც დაადგინა, რომ შავაძის მიმართ დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება – როგორც საპროცედურო საკითხების თვალსაზრისით, ისე თავად შემთხვევის მიმართ.
2008 წლის გამოძიების ვერსიით, შავაძე გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ეს ვერსია დამაჯერებლად არ მიიჩნია და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეთვალყურეობით.
ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოსკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
უკვე 16 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა. მან ბრიგადის მეთაურის თანდასწრებით შავაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
გამოძიების ვერსიით, იმავე დღეს კუდის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით ქალაქ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.
როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.
ქობულეთის და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები, უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის აღმოჩენილია დამწვრობა სიგარეტისა და პისტოლეტის ლულის გამოყენებით.
როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად კუდის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, თითქოს როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
ასევე ყალბი ოქმების მიხედვით, შავაძე გადაყვანის დროს თითქოს გაიქცა ავტომობილიდან და სპეცრაზმის თანამშრომლებს ესროლა კიდეც.
ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს.
ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ გამოძიება გაყალბებული იყო, ასევე დადგინდა, რომ არ არსებობდა არანაირი საქმე, თითქოს შავაძე უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
ყველა ახალი ამბავი
0