„ოჯახის ინსტიტუტი იქნება დაცული“ - რეგიონებში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე მსჯელობენ
© photo: Sputnikახალგაზრდა წყვილი
© photo: Sputnik
გამოწერა
დეპუტატის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების მიზანი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს რეგიონებში დაიწყო მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ ინიცირებული ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც 22-27 აპრილის პერიოდში გაიმართება.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს დააინიცირა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვას და ამ ყველაფრის პროპაგანდას.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პირველ შეხვედრას ქუთაისის მოსახლეობასთან ატარებს. მომდევნო დღეებში განხილვები გაიმართება ამბროლაურში, ოზუეგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.
„ეს ცვლილებები არის საკონსტიტუციო ხასიათის, რაც გულისხმობს იმას, რომ საჭიროა სახალხო განხილვა. დღეიდან ეს მარათონი დასავლეთ საქართველოში იწყება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა.
„განსაკუთრებულად დაცული იყოს მოწყვლადი საზოგადოების, მოწყვლად ადამიანთა თემის უფლებები, ამავდროულად დაცული უნდა იყოს საზოგადოებს აბსოლუტური უმრავლესობის უფლება, რომ ლგბტ-პროპაგანდა არ იყოს ბავშვებში, მოზარდებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის გეგმების შესახებ მარტის ბოლოს განაცხადა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
ოჯახის სიწმინდე ქართული და ევროპული ღირებულებაა, ანტიევროპული ღირებულება კი არის ლგბტ-პროპაგანდა, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„გვინდა, რომ კონსტიტუციაში იყოს ისეთი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ლგბტ-პროპაგანდას აკრძალავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაცული იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ ცვლილებების და ახალი საკონსტიტუციო კანონის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები შეუდგებიან.
ამ კანონპროექტების მისაღებად ორივე პროექტი სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. ამისათვის საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 3/4-ის ხმა, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
კანონპროექტი დეტალებში
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ასე გამოიყურება:
1.
კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.2.
არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.3.
აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.4.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.5.
ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.6.
აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.7.
აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.8.
აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.