„ქოლ–ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ ოთხი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2024
გამოწერა
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების სამ მილიონ ფრანკს
თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების" წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოში კომპანიებს აფუძნებდნენ და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე თაღლითურ ე.წ. ქოლ-ცენტრებს აწყობდნენ.
კერძოდ, ბრალდებულები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ, შემდეგ კი მათ კუთვნილ თანხებს ითვისებდნენ და ათეთრებდნენ.
აღნიშნულიგზით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მლნ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდეგ აღნიშნული თანხა საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაუშვეს, ასევე შეიძინეს უძრავი ქონება.
უწყების ცნობით, გამოძიებამ ყადაღა დაადო ბრალდებულთა საკუთრებაში არსებულ 6 მლნ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას. დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
უწყების ცნობით, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2024 წლის 3 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი ორგანიზატორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.
საქართველოს პროკურატურა ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
„ქოლ-ცენტრების" საქმე
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" დიდი ხანია აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის თაობაზე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს სიუჟეტი გავრცელდა.
ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, დავით კეზერაშვილი დგას.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს კეზერაშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა
ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.
ყველა ახალი ამბავი
0