კანონი „ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ“: საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2024
გამოწერა
პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია ქვეყნის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ერთი თვის განმავლობაში გამართავს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას იწყებს, ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ 3 აპრილს დააინიცირა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვას და ამ ყველაფრის პროპაგანდას.
მმართველი პარტიის განმარტებით, ინიციატივა მიმართულია ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, საქართველოში ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად.
გასულ კვირაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაამტკიცა კომისიის შემადგენლობა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის და კონსტიტუციური კანონპროექტის - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საჯარო განხილვას უზრუნველყოფს - კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა 22 აპრილს ქუთაისში, 23 აპრილს - ამბროლაურში, 24 აპრილს - ოზურგეთში, 25 აპრილს - ბათუმში, 26 აპრილს - ზუგდიდში, 27 აპრილს კი მესტიაში გაიმართება.
კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ელისაშვილი, შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.
საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის გეგმების შესახებ მარტის ბოლოს განაცხადა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან. კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში 3 აპრილს მოხდა.
კანონი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“: საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობა>>>
საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ ცვლილებების და ახალი საკონსტიტუციო კანონის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები შეუდგებიან.
ამ კანონპროექტების მისაღებად ორივე პროექტი სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. ამისათვის საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 3/4-ის ხმა, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ასე გამოიყურება:
1.
კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2.
არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3.
აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4.
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5.
ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6.
აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7.
აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8.
აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0