„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

© Tbilisi City Assemblyსაკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2024
გამოწერა
ფრაქციამ უკვე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია საკრებულოს თავმჯდომარის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, ფრაქციამ უკვე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზად დასახელდა ის, რომ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
„ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.
„საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ოცნებაში“ ასევე აღნიშნეს, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესის დამატებითი საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი.
„მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკითხზე კომენტარი გააკეთა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემაც, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა, რომელიც ოპოზიციით არის წარმოდგენილი, მერიის მუშაობას აფერხებს.
„ნაციონალური მოძრაობა" და პარტია „საქართველოსთვის" წევრები უკვე მესამე წელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ რუსთვის საკრებულოში და სამწუხაროა, რომ მათ დღემდე ვერ გაიაზრეს ქალაქის ინტერესები. "ქართლი ოცნების" წევრებმა აპარატს მიმართეს იმპიჩმენტით, რომ მათ მიერ გადანაწილებული თანამდებობები დატოვონ და მოგვცენ საშუალება კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულო იმ ადგილობრივ სათათბირო ორგანოთა შორისაა, სადაც დეპუტატების უმრავლესობა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ოპოზიციას წარმოადგენს. რუსთავის საკრებულოში 35 დეპუტატია. აქედან მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 16 ადგილი აქვს, ამდენივე – "ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ სამი – პარტიას "საქართველოსთვის". 2022 წლის იანვრის ბოლოდან რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზიაა.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოში ცხრა თანამდებობის პირის, მათ შორის გახარიას პარტიელის და საკრებულოს თავმჯდომარის, გიგი ფარულავას იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება მოახდინა. მმართველი პარტია აცხადებს, რომ გახარიას პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის პირობებში, საკრებულომ ფუნქციები დაკარგა და ოპოზიციონერების დასაქმების ადგილად იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0