უცხოური ძალების გავლენა საქართველოში: სუსის ანგარიში
© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
2023 წელს სუსმა აღძრა 14 საქმე უცხოური დაზვერვის სამსახურების უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად და 2 სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუაოლებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით და ასევე ხორციელდებოდა საქართველოს საწინააღმდეგო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიები, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.
„საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანების, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცალკეული ქვეყნების დაზვერვის სამსახურები საკუთარი ინტერესების განხორციელებისთვის აქტიურად იყენებდნენ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებსა და პირთა ჯგუფებს, ჟურნალისტებს, კერძო კომპანიებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
მთლიანობაში, 2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა 14 საქმე უცხოური დაზვერვის სამსახურების უარყოფითი გავლენის გასანეიტრალებლად და 2 სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გახმაურებული საქმე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოწყობის მცდელობის გამოძიების შედეგებს, და აღნიშნა, რომ ამ მმცდელობის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა იყო.
„მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სუსი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
„გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ“, - ნათქვამია ანგარიშში.
„განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები, მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში“, - აღნიშნავს სუსი.
საინფორმაციო ომი
სუსის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელსაც, სუსის მტკიცებით, ეწეოდნენ უცხოურ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ძალები და ცალკეული დესტრუქციული ელემენტები.
„2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება, სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება“, - ნათქვამია ანგარიშში.
სუსის მონაცემებით, 2023 წელს ცალკეულ მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში დაფიქსირდა მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.
„გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობაში ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რბილი ძალის გამოყენება
სუსის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად ცალკეული ქვეყნების სპეცსამსახურები მუშაობდნენ „რბილი ძალის“ სტილში და ამისათვის იყენებდნენ პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის შესაძლებლობებს.
„ამ ჯგუფების გამოყენებით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული ცალკეული სახელმწიფოების სპეცსამსახურები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ექსპერტებსა და პირთა ჯგუფებთან. ამ მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა საკუთარ ან მესამე ქვეყნებში გამართული სხვადასხვა სახის სემინარები, კონფერენციები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სუსის მონაცემებით, სპეცსამსახურები ამგვარად ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსისა და იდეოლოგიის პროპაგანდას, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის შეგროვებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. „დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები“, - ნათქვამია ანგარიშში.
სუსი აღნიშნავს, რომ 2023 წელს სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების და პირთა ჯგუფების მიერ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების ჩატარების მცდელობები დაფიქსირდა.
„სამსახურის მიერ გამოვლინდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ან უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული ცალკეული იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ოპერაციების რესურსად“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უცხოური ძალების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, პარტიების რეიტინგები და არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული ვითარება, სამართალდამცავების მუშაობა, საზოგადოებრივი განწყობები.
წყარო - სუსის ანგარიში