სამხარაძე: არასამთავრობო ორგანიზაციების 90% დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის დეპუტატები
პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2024
გამოწერა
საქართველოში 25.000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში 25.000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა, საიდანაც 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და პარლამენტის შენობასთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
„საქართველოში არსებობს 25.000 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქმის 1 არასამთავრობო ორგანიზაცია მოდის საქართველოს ყოველ 148 მოქალაქეზე“, - განაცხადა სამხარაძემ ВВС-სთან ინტერვიუში.
სამხარაძის თქმით, არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს იმ კუთხით, თუ საიდან შედის ფული არასამთავრობო ორგანიზაციებში და რა მიზნით იხარჯება ეს ფული.
„ამ არასამთავრობო ორგანიზაციების 90% იღებს დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იმის თაობაზე თუ საიდან მოდის და რა მიზნებისთვის იხარჯება ეს თანხები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძემ დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რას ითვალისწინებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მისი თქმით, „კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არავის სტიგმატიზაციას და არ ეხება ცალკეულ პირებს“.
„ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვს ყოველწლიურად წარადგინონ თავიანთი შემოსავლები და ხარჯები, რაც ძალიან ახლოს დგას ევროდირექტივასთან, რომელიც 3 თვის წინ მიიღო ევროკომისიამ და დასამტკიცებლად გადასცა ევროპარლამენტს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე განცხადებით, „ევროდირექტივა ზუსტად იგივე ფორმულირებას იყენებს, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა.
„მაგალითად მოგიყვანთ ზუსტ ამონარიდს ევროდირექტივიდან: „ეს არის უცხოური წყაროების ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0