ოპოზიცია სპორტსმენების განცხადებებს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ იყენებს - კალაძე

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, სპორტსმენების განცხადებები საზოგადოებაში დაპირისპირების შესაქმნელად გამოიყენება.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ქართველი სპორტსმენების, მსახიობებისა და მედიის წარმომადგენლების განცხადებებს ოპოზიცია საქართველოს ევროპული გზის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იყენებს, მათ მიმართ ბულინგი ხორციელდება, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ქართველი სპორტსმენები და არტისტები, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტისა და განხილვის ფონზე, სოციალურ ქსელებში საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ. სპორტსმენების პუბლიკაციები აქტიურად აიტაცეს კანონპროექტის ოპონენტებმა - ოპოზიციურმა მედიამ, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“.
„ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას წერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ამ ხალხს არაფერი საერთო აქვთ ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან ან ევროპულ ღირებულებებთან.
პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერმა, თავად ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელსა და იტალიის „ნაპოლის“ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას პირადად მიმართა.
პოლიტიკოსის თქმით, სპორტსმენების განცხადებები საზოგადოებაში დაპირისპირების შესაქმნელად გამოიყენება.
„კვარა, შენ მოგმართავ - არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. შენ არავის საკუთრება არ ხარ, შენ საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის. ამის გააზრებას გთხოვ - ყველას გთხოვთ, ბიჭებო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ოპოზიციამ კვარაცხელიას განცხადება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და დაახლოებით ასე იწყებოდა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომი.
„ამ ნაძირალებმა, რომელთაც ატაცებული აქვთ შენი ეს გამონათქვამი, მათ განზრახული აქვთ რევოლუცია და ქვეყნის გადაყირავება“, - აღნიშნა პოლიტიკოსებმა.
ზოგიერთი სპორტის ვარსკვლავი თავის გამონათქვამებში უფრო ხისტი იყო. UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავის პუბლიკაციაში აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა და დაგმო სამართალდამცავების ქმედება, რომლებსაც რიგ შემთხვევებში ძალის გამოყენება მოუწიათ.
„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა“, - დაწერა თოფურიამ.
ქართველ შოუბიზნესის ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის ნიშნად თავიანთ გვერდებზე ევროკავშირისა და საქართველოს ფოტოები გამოაქვეყნეს, არიან პირველი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოდელების ტოპ-50-ში მოხვდა, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. კანონის მიღების წინააღმდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0