კალაძე: გვინდა ევროპა ჩვენი იდენტობის და სარწმუნოების შენარჩუნებით
© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
© political party "Georgian Dream"
გამოწერა
ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იცავს ეროვნულ იდენტობას, ეკლესიას და სარწმუნოებას და ამ ღირებულებების შენარჩუნებით სურს ევროპა და ევროპული მომავალი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და პარლამენტთან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ჩვენთვის ძვირფასია ქართული კულტურა, ჩვენი ტრადიციები. რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ვიცავთ ოჯახის ინსტიტუტს და ამ ყველაფრის შენარჩუნებით გვინდა ევროპული მომავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მრავალი დაბრკოლებისა და ხელოვნური ბარიერის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ პროცესში მოქმედებდა საქართველოს ინტერესებსა და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების დაცვით.
„მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდათ, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც სისხლი დაიღვარა“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.