აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილება შევიდა: დეტალები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტრაქტორი მინდორში
ტრაქტორი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2024
გამოწერა
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს 2014 წლიდან და თანდათან უფრო სრულყოფილი ხდება.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფერმერებს სთავაზობს სეტყვისგან, წყალდიდობის, ქარიშხლის, შემოდგომის ყინვისგან ნათესების დაზღვევას შეღავათიან ფასად. ამასთან, ფერმერები დაზღვევის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 30%-ს იხდიან.. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეეძლო დაეზღვია 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში – 50 ჰექტარი.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 10 ჰექტარის ნაცვლად ფერმერები უკვე შეძლებენ არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა - არაუმეტეს 100 ჰექტარს.
ამასთან, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები მცირდება - ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით.
„აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების განხორციელებისთვის. იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები. კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები.
ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას.
ყველა ახალი ამბავი
0