პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ
19:00 17.04.2024 (განახლებულია: 19:02 17.04.2024)
© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ზურაბიშვილის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება
თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაძლეული იქნება.
საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს,17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.
„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგანაც ეს მხოლოდ ერთი (კანონი -რე.) არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამას გააკეთებს მიუხედავად იმისა, რომ ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება - ვეტოს დასაძლევად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა, საპარლამენტო უმრავლესობას კი პარლამენტში 83 ადგილი აქვს.
„ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მტრებსა და მეგობრებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალურ კანონპროექტს ხელახლა ინიცირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციის ფონზე უკან გაიწვია, მმართველმა პარტიამ იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.