პაპუაშვილი: დიპკორპუსი ზედმეტად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
უცხოელი დიპლომატები არ უნდა ერეოდნენ ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არ არის მხოლოდ სუვერენიტეტის საკითხი, არამედ მნიშვნელოვანია თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავად, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად არის ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და ხშირად საჯარო განცხადებებში აფიქსირებს პოზიციას, რომელიც დახურულ კარს მიღმა პოზიციისგან განსხვავებულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. .
მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში საჯარო განხილვა შესთავაზა. მისი თქმით, საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას „კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".
„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და იცით, რომ მეც შევუერთდი მის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, რომლის მიმართაც ჩემი წუხილები მაქვს. სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი, თუ ზოგადად დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში, რაც გარკვეულწილად გასაგებია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რჩევა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ელჩების მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში და კანონპროექტების განხილვაში ერთ რისკთან არის დაკავშირებული.
„როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე დისკუსიის, თუ დებატის, იმ მომენტში, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. რაღაც აზრზე ყალიბდები და შემდეგ ცდილობ დაიცვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შესაბამისად, ეს იწვევს ამა თუ იმ პოზიციის დაცვას, რაც, პაპუაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს დიპლომატიურ მისიებს.
„საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრია პოზიციების მიმართ და ის, ვინც ამა თუ იმ დიპლომატის საწინააღმდეგო პოზიციაზეა, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ ვრცელდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამიტომაც, როგორც სპიკერმა აღნიშნა, ვენის კონვენციაში ნათქვამია, რომ მათი მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში მონაწილეობა არ უნდა მოხდეს.
„ეს მარტო სუვერენიტეტის საკითხი კი არ არის, თავად დიპლომატიური კორპუსის დასაცავადაც არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ასეთ მონაწილეობას, პაპუაშვილის თქმით, მეორე ნაკლი აქვს: ის ხშირად ხდება დახურულ კარს მიღმა, რაც გასაგებია და პარტნიორებთან ურთიერთობის ნაწილს წარმოადგენს.
„თუმცა, მთავარ გაკვირვებას იწვევს შემდეგი რამ - დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, კანონპროექტი იქნება, თუ სხვა საკითხები და იქ მსჯელობის დროს რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის და პირიქით, დათანხმებაც არის ხოლმე საკითხებზე, მაგრამ შემდეგ, საჯაროდ კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს. რა თქმა უნდა. არ არის სწორი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თუ არის ქართულ პოლიტიკურ შიდა დისკუსიებში, კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობის სურვილი, იყოს ეს საჯარო, აღნიშნა პოლიტიკოსმა
„მოსახლეობა ნახავს რა არგუმენტები არსებობს, რადგან ხშირად ამ თემასთან („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი) და სხვა თემებთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მხრიდან ვეჯახებით დოგმატიზმის ყრუ კედელს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით და იქიდან საუბარი არის „კი“ და „არა“, უბრალოდ ასე აჯობებს, თუ ისე - არგუმენტის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0