კორეაში საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა იმართება

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიკორეის დროშა
კორეის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2024
გამოწერა
ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.
გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება.
„ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა არველაძემ.
როგორც არველაძემ აღნიშნა, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2024 წლის თებერვალში გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან“.
ყველა ახალი ამბავი
0