პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდალური კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო - ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კი შენობის გარე პერიმეტრზე აპროტესტებდნენ.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ჯერ კიდევ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი. ჩვენი მიზანია დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს „კი“ ევროპას და არა რუსულ კანონმდებლობას“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, როცა შეძლებთ, მოდით პარლამენტთან“, - განაცხადა დეკანოიძემ ბრიფინგზე.
„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს გამჭვირვალობა, ეს რომ აინტერესებდეს, მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაადგილებას არ შეუზღუდავდა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არანაირი გამჭვირვალობა, როცა მას ეშინია, მათ შორის, ონლაინ-მედიის, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ორშაბათს, საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გამო შეიზღუდა. შენობაში შესვლა და საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიებების გაშუქება მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
მმართველი პარტიის არგუმენტები
„უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.
კანონი, რომელზეც საუბარი მიდის, ორ რამეს მოიცავს - გამჭვირვალობასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.
„ყველამ უნდა იცოდეს ორგანიზაციები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა არის აქ მიუღებელი და გაუგებარი, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. ვერ გავიგე რა არის აქ რუსული? ჩვენ ვამბობთ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს აშშ-ში, ავსტრიაში, საფრანგეთში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, რომელიც ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას და სხვა არაფერს“, - განაცხადასაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0