ჩხუბი პარლამენტში: პოლიტიკოსების შეფასებები

© photo: Sputnikალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
მდინარაძის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი, შეკვეთილი პროვოკაცია, რომელიც ოპოზიციამ განახორციელა.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ოპოზციური პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ქმედებამ, რომელმაც პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ტრიბუნასთან მდგომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს თავში ჩაარტყა, ქართველ პოლიტიკოსებში ვნებათაღელვა გამოიწვია.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მდინარაძე ცდილობდა ოპონენტებისთვის დაემტკიცებინა, რომ ქართული კანონპროექტი რუსულ და ამერიკულ ანალოგიურ კანონებზე გაცილებით ლიბერალურია. ოპოზიციონერები, თავის მხრივ, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი „რუსული კანონია“ და არაფერი საერთო არ აქვს დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობასთან.
თავად მდინარაძის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი, შეკვეთილი პროვოკაცია, რომელიც ოპოზიციამ განახორციელა.
„თუ მას ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე", - განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მხარი დაუჭირა და თავდასხმა დაგმო.
მისი თქმით, ქართული ოპოზიციის გაგებით ევროპული ღირებულებები მდგომარეობს ძალადობაში, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის შეზღუდვაში.
„არგუმენტებისგან სრულიად დაცლილ ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ძალადობა მოახდინოს უმწეო ალეკო ელისაშვილის ხელით და შემდეგ ამ ძალადობას მიესალმოს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ელისაშვილის საქციელში ასევე დამნაშავე არიან ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მდინარაძის სიტყვით გამოსვლას ხელს უშლიდნენ.
„ეს თქვენ ხართ თანამონაწილე იმაში, რისი ნებაც დართეთ ამ ადამიანმა, თქვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ გსურთ კომენტარის გაკეთება იმაზე, რაც მოხდა ელისაშვილმა? – განაცხადა ოხანაშვილმა.
„აი, ეს გააკეთეთ თქვენ. თქვენ ხართ თანამონაწილე იმისა, რაც ამ ადამიანმა იკადრა. გსურთ „ენჯეოებს“ კომენტარის გაკეთება? „ენჯეოებს" კომენტარის გაკეთება არ უნდათ იმ ფაქტზე რაც ელისაშვილმა იკადრა?!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება
პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, იგი ელისაშვილის გამართლებას არ აპირებს.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებენ, მაშინ მსგავსი ფაქტები ჩვეულებრივი გახდება.
„ამიტომაც ვარ წინააღმდეგი ამ კანონპროექტის, რომელიც, თუ მას მიიღებენ, გააკეთებს იმას, რომ რაც ახლა ხდება, ყოველდღიურ მოვლენად იქცევა. სამწუხაროდ, ის რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამავდროულად არის აშკარა დემონსტრირება იმისა, თუ რას მოუტანს ქვეყანას რუსული კანონის მიღება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის ტრიბუნა არ არის ის ადგილი, სადაც დეპუტატებმა საქმეები მუშტებით უნდა გაარკვიონ.
„ამ ფაქტს ძალიან უარყოფითად ვაფასებ და ვემიჯნები ალეკო ელისაშვილის საქციელს. არ მგონია, ვინმეს აწყობდეს, რომ ტრიბუნასთან დგომა სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ეს არის მტრობის, სოციალური დაპირისპირების, დაყოფისა და ბრძოლის კანონი.
„დღეს ჩვენ ვნახეთ ამ კანონის განხილვის შედეგი, თორემ ალეკო ელისაშვილი და მამუკა მდინარაძე ოთხი წელია აქ სხედან და საქმე აქამდე არ მისულა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
თავის მხრივ, ელისაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ, განაცხადა, რომ მას მმართველი პარტიის დეპუტატები მივარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიღებაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0