ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება - მონაცემები განახლდა

© Kutaisi International Airportქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2024
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 23 %-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2024 წლის მარტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში აეროპორტი 127,6 ათას მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის მარტში კი აეროპორტით 91,8 მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთნაკადის გარდა, გაიზარდა ავიარეისების რაოდენობაც. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 23 %-ით გაიზარდა და 374 რეისს მოემსახურა.
გარდა ამისა, 2024 წლის იანვარ-მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთკანადი 57%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 42 %-ით გაიზარდა.
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტის წარმატებები
გასული წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადის, ისე ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხით.
2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით მეტია. ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია ავიარეისების რაოდენობამაც - აეროპორტი 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ–ში მდებარეობს, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ახორციელებენ.
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171,8%-იანი ზრდის მაჩვენებლით, სამარყანდისა და ტირანას აეროპორტების შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.
გარდა ამისა, 2023 წლის 16 დეკემბრიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისის ბაზაზე მეოთხე თვითმფრინავის დამატება, ასევე კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენის დაწყება აეროპორტისთვის დიდი წარმატება იყო. .
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0