ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი ემუქრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
იმპიჩმენტისთვის საჭიროა 23 ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ 20 აქვს, ამიტომ მათ ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდებათ
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქციამ ზუგდიდის საკრებულოში იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო ცხრა თანამდებობის პირის, მათ შორის თავმჯდომარე გიგი ფარულავას წინააღმდეგ, რომელიც არის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი.
„ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება უკვე მოახდინა. თავად იმპიჩმენტის პროცედურა საკრებულოს მომავალ დაგეგმილ სხდომაზე გაიმართება. მმართველი პარტია აცხადებს, რომ გახარიას პარტიის უდიდეს ოპოზიციურ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის პირობებში, საკრებულომ ფუნქციები დაკარგა და ოპოზიციონერების დასაქმების ადგილად იქცა.
„სამწუხაროდ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო, რომელსაც მართავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ კოალიცია, ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ ჩვენი მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე, საკრებულო აქციეს მათი პარტიული აქტივის დასაქმების ადგილად“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრმა გიორგი კორტავამ.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსახლეობის ინტერესებს და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ იმპიჩმენტში ხედავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებსა და პარტია „ახალის“ წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირება საკრებულოს საქმიანობას კიდევ უფრო შეაფერხებს, აცხადებს ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარია.
პარტია „ახალი“ მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დააარსეს.
„დაპირისპირება საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ფრაქცია „ახალს“ შორის გამოიწვევს კიდევ უფრო პარალიზებას საკრებულოს საქმიანობის, კიდევ უფრო შეჩერებას პოლიტიკური პროცესების და აქედან გამომდინარე ჩვენ წამოვიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურები“, - აღნიშნა ქადარიამ.
თავის მხრივ, ოპონენტები საკრებულოში შექმნილი კრიზისის გამო პასუხისმგებლობას მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აკისრებენ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სხდომების ჩაშლის გამო შეუძლებელი გახდა რაიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
„უკვე მეოთხედ მორიგი სხდომა გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო. კვლავ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს“, - განაცხადა ფარულავამ.
იმავდროულად, ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე ნაია კალანდია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა ოპოზიციურ საკრებულოში ადგილების გასათავისუფლებლად წამოიწყო, რათა თავად დაიკავოს მერე ეს ადგილები.
„მათ რომ არ ქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, ისინი ამას ვერ გაბედავდნენ“, - დარწმუნებულია კალანდია.
„ქართულმა ოცნებამ“ უარყო ეს ბრალდებები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ, ვინც მხარს უჭერს მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მხარი უნდა დაუჭიროს იმპიჩმენტს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა.
„წინასწარი კონსულტაციები ოპოზიციურ ფლანგთან არ გვქონია... მაგრამ ცალსახად ვიცით, რომ ვისაც ქალაქი უყვარს, ვისაც მუნიციპალიტეტი უყვარს, ვინც ორიენტირებულია, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ქალაქს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს... იმ ოპოზიციური ძალებიდანაც, ჩვენი მოთხოვნა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიამ.
იმპიჩმენტისთვის საჭიროა 23 ხმა, „ქართულ ოცნებას“ კი ზუგდიდის საკრებულოში მხოლოდ 20 დეპუტატი ჰყავს. ამდენად, საკითხის მოსაგვარებლად ოპოზიციიდან სამი ხმაა საჭირო. ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ რვა ადგილი აქვს, „ახალს“ 14, გახარიას პარტიას კი მხოლოდ სამი.
ყველა ახალი ამბავი
0