პაპუაშვილმა დიდ ფონდებს საქართველოში დაფინანსებული პროექტების გასაჯაროებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
ნაცვლად იმისა, რომ უცხოელმა აქტორებმა და დონორებმა ახლა მაინც აჩვენონ გამჭვირვალობის მზაობა, ლოზუნგების და წუხილების გამოთქმას ამჯობინებენ, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. თუკი უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წუხილი გულწრფელია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მათ არაფერი უშლის ხელს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) პროექტების გამოქვეყნებაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მანამდე, საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მთავარი პირობა იყო NED-ის და EED-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ორივე ფონდმა უარი თქვა ქართველი ხალხისთვის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში.
„გვესმის წუხილები უცხოელი დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მხრიდან, არადა ამ ორი კვირის განმავლობაში, თუკი ისინი გულწრფელი არიან თავიანთ წუხილებში, რა უშლიდათ მათ ხელს, რომ გაესაჯაროებინათ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) პროექტები საქართველოში. თუკი გამჭვირვალობა მათთვის მთავარი პრინციპი არის და თუკი ისინი არ უარყოფენ ამის საჭიროებას - ნაცვლად ამ ლაპარაკისა და წუხილებისა, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ გაესაჯაროებინათ და ეჩვენებინათ ქართველი ხალხისთვის, რომ მათ არაფერი დასამალი არ აქვთ. ხუთი წუთის საქმეა, რომ ეს პროექტების სია დადონ ნებისმიერ ვებგვერდზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უცხოელმა აქტორებმა და დონორებმა ახლა მაინც აჩვენონ გამჭვირვალობის მზაობა, ლოზუნგების და წუხილების გამოთქმას ამჯობინებენ.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს და უცხოელ აქტორს - თუკი ისინი გულწრფელები არიან საკუთარი გამჭვირვალობის პოზიციაში, რომ მათ არაფერი არ აქვთ დასამალი ქართველი ხალხის მიმართ - 5 წუთი სჭირდება იმას, რომ NED-ის და EED-ის პროექტები გასაჯაროვდეს. 2022 წელი, 2023 წელი, მიმდინარე პროექტები, არაფერი მათ ამაში ხელს არ უშლით. ასე რომ, ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რომ დაანახონ ქართველ ხალხს, რომ ისინი გულწრფელი არიან თავიანთ დამოკიდებულებაში ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების მტკიცებით, EED ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებსა და პარტიებს საქართველოში. პარლამენტის სპიკერის თქმით, პარტია „დროას“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ დააარსა, აქვს ყალბი „ენჯეო“ „დროა“, რომელსაც, მათ შორის, ამერიკული და ევროპული წყაროები აფინანსებენ, და ის მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
მან ასევე ადრე განაცხადა, რომ დასავლური ფონდები აფინანსებდნენ მათ შორის, ვებგვერდს Mona.ge, რომელიც შექმნილია ადამიანის ღირსების შელახვისთვის და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი ხალხის ფული.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამერიკული ფონდი NED ამტკიცებს, რომ მისი დაფინანსება ქართველი ხალხის ინტერესებშია. ამ ფონდმა, ისევე როგორც EED-მა, უკვე გააკეთა განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლური ფონდების მიერ ფინანსდებოდა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის კამპანია პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის მხარდასაჭერად.
საუბარია აქციებზე ბანერებით „მე ვესროლე“ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, რომელმაც 2023 წლის მარტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის დროს პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ახლა ამისთვის სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მაშინ ამ არეულობების ფონზე კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყდა.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0