გრიგორიადისის ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულებები გვქონდა - საქმის პროკურორი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2024
გამოწერა
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს მას
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. პროკურატურას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები ლაზარე გრიგორიადის წინააღმდეგ, რამაც შესაძლებელი გახადა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე 2023 წლის მარტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარასკევს, 12 აპრილს გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში მისი სამსახურებრივი საქმიანობის გამო, ასევე ცეცხლის წაკიდების გზით სახელმწიფო ქონების განადგურებაში და მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
„ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომელიც მოისმინა სასამართლომ“, - განაცხადა იაკობიძემ.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ შეძლო იმის დამტკიცება, რომ გრიგორიადისმა ნამდვილად ესროლა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“.
„მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა. სამედიცინო დახმარებით მოხერხდა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება. არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი“, - განაცხადა იაკობიძემ.
პროკურორმა აღნიშნა, რომ გრიგორიადისმა თავად ამოიცნო საკუთარი თავი ვიდეოჩანაწერზე, სადაც ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებაა ასახული.
„კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულთან ერთად ადვოკატი, საკუთარი თავი მან თავად ამოიცნო. ბრალდებულის მხარე ხაზს უსვამს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც გრიგორიადისი ცეცხლს უკიდებს ავტომობილს. არა ჩვენებაში, არამედ დათვალიერების ოქმში“, - განაცხადა იაკობიძემ.
ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდების მხარე არ ეხება, ვინაიდან ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, აღნიშნა მან.
ასევე, მისი თქმით, საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ამოიცნეს ბრალდებული.
„ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები იქნა საქმეზე ჩატარებული და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა >>
გრიგორიადისს ბრალი არ უღიარებია. ახალგაზრდა მამაკაცის ინტერესების დამცველები, ოპოზიციონერები და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც შარშან საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი არის „რეჟიმის მსხვერპლი“. მათ იმედი აქვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0