2009 წელს მიტინგის დარბევის საქმეზე სააკაშვილის დროინდელ რვა ძალოვანს პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2024
გამოწერა
2009 წლის 15 ივნისს პოლიციელებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა, აღნიშნეს პროკურატურაში
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ, 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევის ფაქტზე პროკურატურამ 8 პირის, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწის, ლაშა ცანავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში 2009 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ისინი მანამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას არ მიაღწევენ. 15 ივნისს საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის მორიგი შეტაკებები მოხდა.
საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150 პირი მონაწილეობდა, წინასწარ მობილიზებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და მათ შორის ცანავამ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა.
ასევე, შსს-ს თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით იმ საფუძვლით დააკავეს, თითქოს ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შსს-ს იმ თანამშრომლებმა გააფორმეს, რომლებიც აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებაში მონაწილეობას პირადად არ იღებდნენ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დღეის მდგომარეობით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 8 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით) ქვეპუნქტით და და 341 მუხლით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით.
დაწესებული ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე.
გამოძიება და სტრასბურგის სასამართლო
2010 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა. 2015 წელს აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წარადგინა დეკლარაციები და საბოლოოდ აღიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლებით გარანტირებული უფლებების საპროცესო დარღვევები და აიღო გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
გამოძიების მიმდინარეობაზე და აღსრულებაზე ზედამხედველობის კონტროლი დაევალა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეფექტიანი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების წარმოების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში გადაიგზავნა.
რა მოხდა აქციაზე?
აქციის მონაწილეები 2009 წლის 15 ივნისს 14:00 საათზე თბილისის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. აქციის სასტიკი დარბევა თითქმის მაშინვე დაიწყო - დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ.
აქციაზე 39 ადამიანი დააკავეს. ჟურნალისტებს და ოპერატორებს აპარატურა წაართვეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ მაუწყებლობა შეწყვიტეს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიექციათ საქართველოში მომხდარზე და ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე.
მოგვიანებით, 2015 წელს, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0