ქუჩებში პლაკატები „უცხოური აგენტების შესახებ“ - საკითხს მერია სწავლობს
© photo: Sputnik / Stringerმერიის შენობა
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
უწყების განმარტებით, პლაკატების განთავსების თაობაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროეტქის თაობაზე დედაქალაქის ქუჩებში განთავსებული პლაკატების კანონიერებას, რადგანაც მუნიციპალიტეტს შესაბამისი ნებართვა არ გაუცია, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა.
ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგეთა საინფორმაციო ბანერები გაჩნდა - აღნიშნული კანონპროექტი მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე უკან გაიწვია.
„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება - გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა", - განაცხადა გულედანმა.
მისი განმარტებით, პლაკატების განთავსების თაობაზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.
„მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული, იქნება შესაბამისი სანქციები”, - განაცხადა გულედანმა.
რაც შეეხება სანქციებს, მერის მოადგილის თქმით, კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 200-დან 1 ათას ლარამდე ოდენობით, კონკრეტული ზონიდან გამომდინარე.
9 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ „თავისუფლების მარშს“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართა, ათასობით ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი რამდენიმე საათით გადაკეტეს.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.