დეპუტატმა სკანდალური კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საინფორმაციო ომი უწოდა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2024
გამოწერა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სოციალურ ქსელსა და ქუჩაში „ომობენ"
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის ნაცვლად საინფორმაციო ომი დაიწყეს“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სკანდალური კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ოპოზიციონერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ იგი მიმართულია სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ და ქვეყანას ართმევს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას.
„ჩვეულებრივი საინფორმაციო ომი მიდის, რომელშიც ძირითადი დაპირისპირებული მხარეები - „ქოცები“ და „ნაცები“ ფაქტობრივად, უარს ამბობენ შინაარსობრივ დისკუსიაზე და უბრალოდ, მიდის სიტყვების რახარუხი", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაჟინებით ამტკიცებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ეს რუსული კანონია.
დეპუტატის თქმით, ამით ხელისუფლება და ოპოზიცია „ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი პრივიტიმამდე დაიყვანონ".
როგორც მან აღნიშნა, მხარეები მიზანმიმართულად გაურბიან დისკუსიის გამართვას.
„შინაარსობრივად არავის აწყობს დეტალური განხილვა, რადგანაც დეტალური განხილვის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ეს არა გამჭვირვალობაზე, არამედ ამერიკის წინააღმდეგაა მიმართული. არასამთავრობოები პოლიტიკაში არიან ჩართული და ამ ლოგიკით, მაშინ მართლა უნდა აკონტროლონ „ენჯეოები",- განაცხადა რაქვიაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია დისკუსიაზე გადავა და „ქართული ოცნების“ პოზიციის წინააღმდეგ არგუმენტებს წარადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია განწირულია დასამარცხებლად, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ მეტი რესურსი აქვს.
ხელისუფლებამ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების მოწინააღმდეგეებმა ჯერ სოციალურ ქსელში დაიწყეს „ომი“, შემდეგ კი ქუჩაში გადაინაცვლეს.
მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა" დაბლოკა კანონპროექტის მხარდამჭერი ბანერები, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა აქტივისტებმა თბილისის ქუჩებში დაიწყეს კანონის აუცილებლობის შემცველი პლაკატების გაკვრა. მაშინვე გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები და დაიწყეს მათი ჩამოხევა.
სამშაბათს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს უარი თქვას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების იდეაზე.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0