ქვრივიშვილი: ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე

© press-service of the Georgian National Tourism Administrationმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მატჩების დასწრების მსურველთათვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე აქტიურად მუშაობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მატჩების დასწრების მსურველთათვის ეკონომიკის სამინისტროს დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველყოფა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზება დაავალა.
უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობის საკითხი განიხილა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით და ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება იმისთვის, რომ მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
უწყების ცნობით, მოლაპარაკებები იმ უცხოურ ავიაკომპანიებთან გაიმართა, რომლებიც რეისებს საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის ახორციელებენ.
ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით განახორციელონ ფრენები, სადაც საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ითამაშებს.
ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ქალაქების მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისები დანიშნა, 1 აპრილიდან ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან იწყება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. უეფას ოფიციალურ პლატფორმებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს13:00 საათიდან დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ყველა ახალი ამბავი
0