პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2024
გამოწერა
კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის განხილვა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ „არა ცენზურას", „არა რუსულ კანონს".
ის, რომ ეს „რუსული კანონია" ერთხმად აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტის ბიუროს სხდომის მუშაობაში მონაწილეობენ.
„განმარტებით ბარათში ტყუილი წერია. ნათქვამია, რომ ეს კანონპროექტი თითქოს არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც კი მისი რეგისტრაცია არის კონსტიტუციისა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი ღალატი.
კანონპროექტი ბიუროზე მაინც დარეგისტრირდა. პარასკევს ინიციატივის განხილვას შეუდგება იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
„როცა გამჭვირვალობას ებრძვი და გეშინია რაიმეს ჩვენება, ალბათ, რაღაც გაქვს დასამალი. არგუმენტი, რომ ეს (კანონი - რედ.) თითქოს ვიღაცის წინააღმდეგ არის მიმართული, აბსოლუტურად არასწორია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ისინი, ვინც საქართველოში კეთილსინდისიერად მუშაობს, ამ კანონში ვერ შეძლებს დაინახოს ის, რომ იგი ვიღაცის წინააღმდეგაა მიმართული.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მ, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.
კანონპროექტის დეტალები
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებელი;
- იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
- იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0