გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - ექსპერტის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2024
გამოწერა
ქვეყანას ხორბლის ერთი თვის მარაგი აქვს, მარაგის მეორე ნაკადი 2 კვირაში შემოვა.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში პურის გაძვირება არ არის მოსალოდნელი, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ გვაქვს, აცხადებენ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები.
ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფასების ზრდაზე. ისინი ხელისუფლებას პურის გაძვირებაში ადანაშაულებენ.

„საქართველოში პური არ არის ძვირი და მისი ფასი ყველაზე დაბალია კვების პროდუქტებს შორის. ვფიქრობ, პურის ფასი სინამდვილეში ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამ მხრივ თითქმის 4 წელია არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ფასი სტაბილურია. ამიტომ პარლამენტარებს, რომლებმაც არასწორი ციფრები გააჟღერეს, ვურჩევდი, ხანდახან შევიდნენ მაღაზიაში და იყიდონ პური, რათა გაარკვიონ, რა ღირს პური საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

ამასთან, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის საკმაო მარაგები აქვს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ხორბლის ფასებთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობაა. საკმაოდ დიდი მარაგები გვაქვს, რადგანაც ხორბალი და ფქვილი სტაბილურად შემოდის. ასევე არის გარკვეული რაოდენობის ქართული წარმოების ხორბალი და სტაბილურობა შენარჩუნებულია. ასეთი მდგომარეობაა მსოფლიო ბაზარზეც“, - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარ მიმწოდებლად რჩება, ვინაიდან რუსული ხორბლის ფასი რეგიონში დაბალია და მარცვლეულის ტრანსპორტირება მარტივია.
„საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, რადგან მათ ხორბალზე ყველაზე დაბალი ფასი აქვთ და ლოჯისტიკურად ჩვენთან ყველაზე ახლოს არიან. ხორბალს ვყიდულობთ არა მარტო რუსეთის ფედერაციიდან, არამედ ლიეტუვადან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, სულ 130-მდე ქვეყნიდან“, - განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, საქართველოს ხორბლის ერთი თვის მარაგი აქვს და მარაგის მეორე ნაკადი 2 კვირაში შემოვა.
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური პური მოსახლეობას საშუალოდ 1,2 ლარი უჯდება. რაც შეეხება პურის საცალო ფასებს, მაღაზიებში ფასნამატი შეადგენს 0,3-0,4 ლარს, ზოგიერთ საცალო ობიექტში კი - 0,5 ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0