საერთაშორისო გამოხმაურებების ტონი შერბილდა: პაპუაშვილი „უცხოური აგენტების“ კანონზე

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2024
გამოწერა
უცხოელი საქართველოს უსაფრთხოებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან მას არ აქვს შეგრძნება ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებში საკმაოდ რბილი ტონია, რაც განპირობებულია ქართული მხარის დროული კომუნიკაციით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გაიწვია. ამ საკითხთან დაბრუნების არგუმენტად დასახელდა ის, რომ უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, მიუხედავად დაპირებული გამჭვირვალობისა. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ.
„გამოხმაურებებში ძალიან რბილი ტონია, ამაში თავისი წვლილი შეიტანა იმან, რომ ჩვენ გვქონდა დროული კომუნიკაცია, მათ შორის, ამ კანონპროექტის იდეასა და შინაარსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
საერთაშორისო გამოხმაურებებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, რომ არცერთ განცხადებაში არგუმენტი არ არის, რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„მივაწოდეთ ინფორმაცია, რათა არასამთავრობო სექტორს იგივე ტყუილი არ გაევრცელებინა, რაც შარშან ავრცელეს და ატყუებდნენ მთელ საზოგადოებას, მათ შორის გარე საზოგადოებას, თითქოს ფიზიკურ პირებზე ვრცელდება კანონი, ვიღაცას ციხეში ჩასვამენ და ასე შემდეგ“, - განაცხადა მან.
სხვათა შორის, ახლაც იყო მცდელობა, სწრაფად მობილიზებულიყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება უფრო სწრაფი იყო კომუნიკაციაში, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„დროულად მოხდა კომუნიკაცია და ვფიქრობ, არ არის ახლა განსაკუთრებული გამოხმაურება. მეორე მხრივ, მენიშნა, რომ არსად არ არის არგუმენტი. სიმართლე გითხრათ, არასერიოზულია, როცა არის მსჯელობა საკითხებზე მსჯელობის გარეშე და არის კლიშეებით შეფასება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უცხოელი საქართველოს უსაფრთხოებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან მას არ აქვს შეგრძნება ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა.
„არ აქვს ლეგიტიმაცია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და არც ინტერესი. ამიტომ ვინაიდან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ერთადერთი, ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში და აქვს უფლება, იმსჯელოს, გადაწყვიტოს, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტის დეტალები

კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
უცხოური გავლენის აგენტი არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებლები;
- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;
- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;
თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.
შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.
კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაცია
უცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.
კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე>>>
საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.
ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.
სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.
უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.
თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.
თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.
„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0