როდის მიიღებენ კანონს ლგბტ-პროპაგანდის შესახებ - შალვა პაპუაშვილმა ვადები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerლგბტ-თემის საწინააღმდეგო აქცია რუსთაველზე
ლგბტ-თემის საწინააღმდეგო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციას, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ქართველი ხალხის ხმას მოუსმინოს.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განიხილოს, 16 აპრილს შეიქმნება, ხოლო პარლამენტში განხილვები მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტებით, იკრძალება ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სქესის შეცვლა, გენდერული მახასიათებლების განმსაზღვრელი ცნებების გამოყენების შეზღუდვა და ამ ყველაფრის პროპაგანდა. საყოველთაო განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომისია შეიქმნება.
„16 აპრილის კვირაში პარლამენტი შექმნის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ერთთვიანი პერიოდი ექნება იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებასთან ერთად განიხილოს ეს კანონპროექტი და საზოგადოების აზრი მოისმინოს. კომისიის მუშაობა მაისის შუა რიცხვებში დასრულდება, შემდეგ უკვე შედეგებს მოვახსენებთ კომიტეტს და ეს ყველაფერი პარლამენტის განხილვებით გაგრძელდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ის დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, კონსტიტუციის შეცვლას დეპუტატთა ხმების 3/4 სჭირდება, ხოლო ორი მოწვევის პარლამენტის პირობებში - 2/3. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციას საკუთარი პოზიციის გამოხატვა მოუწევს.
„ჩვენ გვყავს სუვერენიტეტდაკარგული ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, მათ საკუთარი დღის წესრიგი არ აქვთ განსაზღვრული. ამიტომაც არის, რომ ისინი ამ საკითხზე ვერ საუბრობენ. მათ იციან, რა პასუხს მიიღებენ ქართული საზოგადოებისგან, თუ პროპაგანდის მომხრეებად დაფიქსირდებიან და იციან, რა პასუხს მიიღებენ საკუთარი მფარველებისგან, თუ პროპაგანდის წინააღმდეგ წავლენ. ისინი გაჭედილი არიან გარკვეულწილად და მათი დუმილი ამით არის განპირობებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან მოუწოდა ოპოზიციას კენჭისყრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, დღეს მან მიმართა ოპოზიციას მოწოდებით, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ქართველი ხალხის ხმას მოუსმინოს.
„ქართველი ხალხი ძალიან კარგად დააკვირდება და ვნახოთ, რომელ ღილაკს მიაჭერენ თითს, როდესაც კენჭისყრა იქნება. მათ რთული არჩევანი აქვთ, უნდა აირჩიონ ქართველ ხალხსა და საკუთარ უცხოელ მფარველებს შორის; ეს არჩევანი აქვთ და ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებენ. რა არჩევანსაც გააკეთებენ ამ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მათთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის გეგმების შესახებ მარტის ბოლოს განაცხადა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
ინიცირებულია ორი კანონპროექტი - ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
ამ კანონპროექტების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 3/4-ის ხმა, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ უკვე განაცხადეს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ოპონენტების მხარდაჭერის გარეშე, ამჟამინდელი პარლამენტის პირობებში, ისინი აპირებენ მიიღონ ცვლილებები კანონებში, რომლებიც იცავს ოჯახურ ფასეულობებს და კრძალავს ლგბტ პროპაგანდას, რასაც 76 ხმა სჭირდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0