პაპუაშვილი: ამერიკული და ევროპული ფონდები მალავენ, რას აფინანსებენ საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2024
გამოწერა
ამერიკელი და ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით საქართველოში რადიკალიზმი ფინანსდება, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) და აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) უარს ამბობენ ქართველი ხალხისთვის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ რა პროექტებს აფინანსებენ ისინი საქართველოში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ფონდ NED-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს იყო დაპირება, რომ გამოქვეყნდებოდა იმ პროექტების სია, რომლებსაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ შემდეგში მიმოწერა შეწყვიტეს.
„უბრალოდ იკარგებიან და იმალებიან, პასუხებს ემალებიან, ამას რა უნდა დავარქვათ, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიმართ აბსოლუტური უპატივცემულობა? იგივე შეეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ხელმძღვანელობის ბორდშიც, სხვათა შორის, ცნობილი ევროპარლამენტარები სხედან“, - განაცხადა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
EED-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა გამოვიდა წინააღმდეგ საქართველოში ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და დეკლარაციების შევსებას ავალებს.
„დღეს ვნახე მისი (ფოტიგას - რედ.) გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება ამ პროექტს. არადა, ის პირადად, მისი ფონდი ფარულად, ჩუმად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და პარტიებს. არც კი უნდა, ანგარიში ჩააბაროს ქართველ ხალხს. ამიტომ ეს არის ფარისევლობის პიკი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის სწორედ საბჭოური აზროვნება, ვინაიდან გამჭვირვალობა არის ევროკავშირი, ხოლო გაუმჭვირვალობა არის საბჭოთა კავშირი.
წულუკიანი: საქართველო არის თვითმფრინავივით, რომელსაც უამინდობა ჰაერში აბურთავებს>>
პაპუაშვილმა ასევე დაასახელა ისინი, ვისაც დასავლური ფონდები აფინანსებენ და რას საქმიანობენ ეს ორგანიზაციები.
პარლამენტის სპიკერის თქმით, პარტია „დროას“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ დააარსა, აქვს ყალბი „ენჯეო“ „დროა“, რომელსაც, მათ შორის, ამერიკული და ევროპული წყაროები აფინანსებენ, და ის მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
„აი, ამ დეზინფორმაციულ კამპანიას აფინანსებდნენ (დასავლური ფონდები - რედ.). აფინანსებდნენ, მათ შორის, ვებგვერდს Mona.ge, რომელიც შექმნილია ადამიანის ღირსების შელახვისთვის და ამაში იხარჯება ევროპელი და ამერიკელი ხალხის ფული, როგორც ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამერიკული ფონდი NED ამტკიცებს, რომ მისი დაფინანსება ქართველი ხალხის ინტერესებშია. ამ ფონდმა, ისევე როგორც EED-მა, უკვა გააკეთა განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლური ფონდების მიერ ფინანსდებოდა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის კამპანია პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის მხარდასაჭერად.
საუბარია აქციებზე ბანერებით „მე ვესროლე“ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, რომელმაც 2023 წლის მარტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის დროს პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ახლა ამისთვის სასამართლოს განაჩენს ელოდება. მაშინ ამ არეულობების ფონზე კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2023 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხალხს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს და პოლიციელის ცოცხლად დაწვა განიზრახეს.
„იმას, ვინც ამას აფინანსებს, რამე კარგი უნდა ქართველი ხალხისთვის? არ უნდა გვითხრას, რას აფინანსებს და რისთვის ამ ქვეყანაში?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ფარისევლობა უწოდა დასავლური ორგანიზაციის „ჭკუის სწავლებას“ იმის თაობაზე, თუ რა არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, როდესაც ბოროტად იყენებენ საკუთარი მოქალაქეების ფულს.
„როდესაც ორგანიზაცია იქიდან აქ ჩვენ, ქართველ ხალხს გვეუბნება, რამდენად შეიძლება, შეარყიოს ასეთმა კანონმდებლობამ დემოკრატია, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჯერ შეწყვიტონ „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზების დაფინანსება და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს, თუ რას ნიშნავს დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეს განსაკუთრებით ეხება ამერიკულ ორგანიზაციებს, ვინაიდან შეერთებულ შტატებს აქვს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), რომლის დარღვევაც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართული კანონპროექტი კი მხოლოდ შემოსავლების დეკლარირებას მოითხოვს, დარღვევისთვის კი მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე დანერგა ევროპული გამჭვირვალობის სტანდარტები და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორების დრო დადგა.

კანონპროექტის დეტალები

კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
უცხოური გავლენის აგენტი არის:
- არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
- მაუწყებლები;
- იურიდიული პირები, რომლებიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობენ;
- იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ან იყენებენ ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად;
თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”
უცხოური ძალა არის:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
კანონპროექტის ავტორები წლიურ შემოსავალში გულისხმობენ როგორც ფულს, ისე ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალურ სიკეთეს (მოძრავი და უძრავი ქონება), რომელთა ღირებულება საბაზრო ფასებით გამოითვლება.
შემოსავლის მიღებად ჩაითვლება, მათ შორის, მოძრავი ან უძრავი ქონების სარგებლობაში მიღება.
კანონი გავრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომლებმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღეს შემოსავალი, ან სხვა იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი „უცხოური ძალისგან” მიიღო პირდაპირ ან არაპირდაპირ; სუბიექტებზე, რომელთა შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაცია
უცხოური გავლენის აგენტების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის მომავალი წლის იანვრის განმავლობაში სუბიექტმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. სააგენტო მათ საშუალებას მისცემს შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც ასევე იქნება საფინანსო დეკლარაცია.
კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე>>>
საფინანსო დეკლარაციაში მითითებული იქნება მონაცემები ორგანიზაციის შესახებ, მათ შორის მისამართი, გასულ წელს მიღებული შემოსავალი - ფულადი ან მატერიალური სარგებელი და მათი მიღების მიზანი, ასევე ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ნათქვამია კანონპროექტში.
ამის შემდეგ სააგენტო შეისწავლის დეკლარაციას - შეამოწმებს მონაცემებს და განაცხადის შევსების სისწორეს, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სუბიექტს მის გამოსასწორებლად მიეცემა დრო.
სააგენტო მხოლოდ ამის შემდეგ დაარეგისტრირებს იურიდიულ პირს „უცხოური გავლენის აგენტად” და აღრიცხავს მას უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში.
უცხოური გავლენის აგენტებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარაციები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ. სააგენტოს უფლება ექნება მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდება ფინანსური დეკლარაცია.
თუ მონაცემთა ბაზაში მოხვედრილი იურიდიული პირი ვეღარ დააკმაყოფილებს „უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მას შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციიდან მოხსნა.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ექვს თვეში ერთხელ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განახორციელოს შემოწმება, მათ შორის, წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს უცხოური გავლენის აგენტის მითითებას.
თუ აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ექვემდებარება „უცხოური გავლენის აგენტის“ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე, მას მაინც შეიტანენ მონაცემთა ბაზაში და ადმინისტრაციული წესით დაევალება ჯარიმის გადახდა.
„უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით, დეკლარაციაში უზუსტობების აღმოფხვრაზე უარი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქმედების გამეორების შემთხვევაში სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0