საქართველოში ინფლაციის დონე მცირედით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerბაზარში
ბაზარში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2024
გამოწერა
2024 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,01% შეადგინა
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის მარტი 2023 წლის მარტთან შედარებით) 0,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვეების მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ (2024 წლის თებერვალი 2023 წლის თებერვალთან შედარებით) 0,3% შეადგინა.
წელიწადზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (6,3%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,5%), ტრანსპორტზე (8,1%), ხოლო შემცირდა სურსათზე (3,4%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (5%), ასევე გართობასა და დასვენებაზე (3%).
2024 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,01% შეადგინა.
რატომ მცირდება ინფლაციის დონე საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი (1%-ზე დაბალი) განპირობებულია პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე გაზრდილი ეკონომიკით.
„ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ხდება", - განაცხადა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, გაიზარდა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, მოხდა პროდუქტიული დარგების უპირატესი განვითარება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ინფლაციის ზრდის გამანეიტრალებელი ფაქტორია. ეს ნამდვილად კარგი განვითარებაა, დასძინა თურნავამ.
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის დაბალი დონე იძლევა შესაძლებლობას, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტემპი იყოს უფრო თამამი.
ყველა ახალი ამბავი
0