თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, მესტიას, ამბროლაურსა და თელავს შორის ავიარეისები დაინიშნება

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი ნატახტრის აეროპორტში
თვითმფრინავი ნატახტრის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული პროექტის მიზანი ქვეყნის შიგნით მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის, მესტიის, თელავის, ამბროლაურის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამჟამად ავიაკომპანია ახორციელებს შიდა ფრენებს სოფელ ნატახტარიდან მესტიის, ბათუმისა და ამბროლაურის მიმართულებით.
კომპანიის ცნობით, ელექტრონული ტენდერი ორ ნაწილად, ჯამში 12 მიმართულებაზე გამოცხადდა. უკვე არსებულს დაემატება ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც.
„მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის აეროპორტს, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და დავაკავშირებთ თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან“, - განმარტა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, პროექტის მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო საინტერესო გახდება მოგზაურებისთვის საქართველოში სტუმრობა“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
შესყიდვის საორიენტაციო ჯამური ღირებულება შეადგენს 5,6 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესყიდვის ვადა ერთწლიანია. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა რეისზე (იგულისხმება ორივე მიმართულება) ჯამში საორიენტაციოდ 47.760 ადგილი უნდა იყოს.
საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:
თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე - არანაკლებ 40 ადგილისა
თბილისი-ამბროლაური-თბილისი - სულ მცირე 40 ადგილი
თბილისი-ქუთაისი-თბილისი - სულ მცირე 40 ადგილი;
თელავი-ქუთაისი-თელავი - სულ მცირე 40 ადგილი;
თელავი-ამბროლაური-თელავი - სულ მცირე 40 ადგილი;
თელავი-თბილისი-თელავი - სულ მცირე 40 ადგილი;
მესტია-ბათუმი-მესტია - 15 ადგილი;
მესტია-ქუთაისი-მესტია - 15 ადგილი;
მესტია-თბილისი-მესტია - 15 ადგილი;
მესტია-ამბროლაური-მესტია - 15 ადგილი;
მესტია-თელავი-მესტია - 15 ადგილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დამთავრდება.
ყველა ახალი ამბავი
0