თბილისის მეტროს რეკონსტრუქცია: რა თანხით დაფინანსება პროექტი
© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი“
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, რომელიც 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით კონცეპტუალურ დიზაინს შეიმუშავებს.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის 12 სადგურის რეკონსტრუქცია/შეკეთების პროექტი დაახლოებით 55 მლნ ევრო დაჯდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, 55 მლნ ევრო გამოიყოფა. სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი“, - განაცხადა კალაძემ.
EBRD გამოყოფს კრედიტს 50,6 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო კიდევ 5 მლნ ევროს გრანტით პროექტს მწვანე კლიმატის ფონდი დააფინანსებს.
იგეგმება სამი ესკალატორის შეცვლა და 30-ის მოდერნიზება, შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო და მართვის პანელები. მეტროსადგურების შშმ პირთათვის მეტად ადაპტირებული გახდება.
ასევე განახლდება სადრენაჟე, ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, მგზავრთა საინფორმაციო და სატელეფონო კავშირის სისტემები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, რომელიც 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით კონცეპტუალურ დიზაინს შეიმუშავებს. ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა.
„გამარჯვებული კომპანიის მიერ კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, გამოცხადდება კიდევ ერთი ტენდერი დეტალურ პროექტირებასა და სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე. ამ ტენდერის გამოცხადებას წლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საინტერესო ფაქტები თბილისის მეტროპოლიტენის შესახებ:
ყველაზე ღრმა სადგულია „რუსთაველი" - ის 100 მეტრ სიღრმეშია განთავსებული.
ყოველდღე, 01:00-დან 05:00 საათამდე მეტროს გვირაბებიდან 25 ათასი ტონა წყლის ამოქაჩვა ხდება.
თბილისის მეტროპოლიტენში დაახლოებით 2,4 ათასი ადამიანია დასაქმებული.
დღეში საშუალოდ მატარებლები ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გადიან 400 კილომეტრს, ხოლო საბურთალოს ხაზზე - 311 კილომეტრს.
მეტროს ხაზის საერთო სიგრძეა 57 კმ, აქედან პირველი ხაზის სიგრძეა 40, ხოლო მეორე ხაზის - 17 კმ.
ახმეტელი-ვარკეთილის მთელი ხაზის გასავლელად, ერთი მიმართულებით, საჭიროა ნახევარი საათი, ხოლო საბურთალოს ხაზის - 15-20 წუთი.
მატარებლები 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ.
მეტროს მუშაობისთვის წელიწადში 65 მლნ კვტ/სთ არის საჭირო.
ყველა პლატფორმის სიგრძე სტანდარტულია და 102 მეტრს შეადგენს. გათვლილია ხუთვაგონიანი შემადგენლობისთვის.