„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გამოიწვევს თუ არა ქვეყანაში მასობრივ პროტესტს?

© photo: Sputnik / Stringerპეტრე მამრაძე
პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "კანონის მიღება, რომლის მიღებაზეც უარის თქმა 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყდა, საქართველოში მაინც მოხდება, თანაც ქუჩის პროტესტის გარეშე, მიაჩნია პოლიტოლოგ პეტრე მამრაძეს.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიღებაზეც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე თქვა უარი. განცხადება ამის თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ქართული ოცნება" ამჯერად უკან არ დაიხევს. მით უმეტეს, რომ საქართველო ვალდებულია მიიღოს კანონი და მოახდინოს თავისი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება. ვფიქრობ, ოპოზიციის პროტესტი მხოლოდ საუბრის დონეზე იქნება“, - განაცხადა მამრაძემ „Sputnik საქართველოსთან" ინტერვიუში.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა, უარი თქვას ქუჩის საპროტესტო აქციებზე, რადგან ამჯერად ინიცირებულ კანონპროექტში ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".
„ტერმინი „აგენტი“ უკვე აღარ იარსებებს და ამან შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ოპოზიციაზე“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად ამისა, მამრაძე ვითარებას კომიკურად მიიჩნევს, რადგანაც ევროპარლამენტმა, რომელმაც შარშან მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებს, რამდენიმე თვის წინ თავად მიიღო მსგავსი კანონი.
მისი თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული ვარიანტი.
„მაშინ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა შექმნილი სიტუაციის კომიკურობის შესახებ განაცხადეს და რადგანაც ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია მოვახდინოთ, ახლა ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ სწორედ ის კანონი, რომელსაც ასე არ გვირჩევდა ევროპარლამენტი. მათ თავად მიიღეს და ჩვენ უკან დახევა არანაირად არ შეგვიძლია“,- განაცხადა მამრაძემ.
2023 წელს კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ იგი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ხელისუფლება „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს ხელახლა დააინიცირებს>>>
მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ რადიკალიზმის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა და საზოგადოებაში პოლარიზაცია რაღაც დონეზე შემცირდა, თუმცა პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს მათ მიერ მიცემული დაპირება ამ დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში".
კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0