პრეზიდენტმა მმართველი პარტია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გამო გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება შეაფასა ხალხის გამოწვევად
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ერთი წლის წინ გაწვეული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტის ინიცირებისთვის მწვავედ გააკრიტიკა.
მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირველობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. ინიციატივის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელშიც შედიან „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა".
„ჩვენ მივიღეთ ერთგვარი ავანსი ევროპისგან (ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით - რედ.), დღეს კი „ქართული ოცნება" ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით არის დაკავებული... „ოცნებამ", ასე ვთქვათ, საკუთარი სახე გამოაჩინა", - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ზურაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ეს მისი დამსახურებაა.
„დღეს „ოცნებამ“ ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი განაცხადი, ევროპას უთხრა „არა“ ყველა მიმართულებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულებულიყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არ შესრულდა, ასევე არ სრულდება ახალი პირობები. ევროპული საბჭო დაპირდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ცხრა რეკომენდაციის შესრულების პირობით.
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, საქართველო არ უერთდება დასავლურ სანქციებს, არ ხდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოება და ამავდროულად, ულტიმატუმს უყენებენ აშშ-ს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ ისწრაფვის სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, ქალთა უფლებების დაცვისკენ, არ ატარებს ანტიკორუფციულ ზომებს და ასევე ზომებს დეპოლარიზაციისთვის.
პრეზიდენტმა, ისევე როგორც ხელისუფლების ყველა მთავარმა ოპონენტებმა, კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდა - კანონპროექტს ასე 2023 წლის გაზაფხულზეც ეძახდნენ, „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებდა, რომ იგი იყო ამერიკული კანონის ანალოგი, უფრო მეტიც, მისი უფრო ლიბერალური ვერსია.
ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება შეაფასა ხალხის გამოწვევად, რათა ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირება მოხდესს. მისი თქმით, ის, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს, არის უზრდელობა და უხეშობა.
ამის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა იმ პირის მობილიზება, ვინც საკუთარ მომავალს ევროპაში ხედავს. პრეზიდენტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ ქვეყანაში ისინი მრავლად არიან.
„ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე. უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო, არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა – აქ საჭიროა მომზადება. მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს გამოიჩინოს დიდი პრინციპულობა - ისინი არ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას მასშტაბური პროტესტის შემთხვევაშიც კი.
„არავითარ შემთხვევაში! ეს ძალზე პრინციპული საკითხია!", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამაუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0