პაპუაშვილი: დონორებმა რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება გაზარდეს

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ გაუმჭვირვალე დაფინანსების ერთ-ერთ მაგალითად „დროას“ შემთხვევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ აღნიშნუოი პარტიის უცხოური დაფინანსების შესახებ ​შემთხვევით გახდა ცნობილი.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მიუხედავად დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ დაპირებისსა, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიღებაზეც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე თქვა უარი. განცხადება ამის თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„გვქონდა საუბრები დონორებთან. თავის დროზე იყო დაპირება, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და თუკი რაიმე არის კიდევ გასაკეთებელი, გაკეთდებოდა. სამწუხაროდ, ეს პირობა არ შესრულდა. ნაცვლად იმისა, რომ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო უცხოური დაფინანსება საქართველოში, პირიქით, გაიზარდა რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაუმჭვირვალე დაფინანსების ერთ-ერთ მაგალითად „დროას“ შემთხვევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ აღნიშნუოი პარტიის უცხოური დაფინანსების შესახებ ​შემთხვევით გახდა ცნობილი.
„მაგალითად, „დროას“ დაფინანსების შესახებ შემთხვევით გავიგეთ, იმიტომ, რომ პარტიის ხელმძღვანელს წამოსცდა ეს ერთ-ერთი პოსტში. აღმოჩნდა, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა მის წინასაარჩევნო კამპანიას მისი ყალბი „ენჯეოს“ გავლით. საუბარი იმაზე, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა, აბსოლუტური ტყუილია", - განაცხადა პაპუაშვილი.
ეს არის სიტუაცია, როდესაც უკვე პირდაპირ, უხეშად, ფარულად აფინანსებენ უცხოური ფონდები პოლიტიკას საქართველოში, აღნიშნა პაპუაშვილმა.
2023 წელს კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ იგი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად იყო საჭირო. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ რადიკალიზმის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა და საზოგადოებაში პოლარიზაცია რაღაც დონეზე შემცირდა, თუმცა პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა დონორებმა დაარღვიეს მათ მიერ მიცემული დაპირება ამ დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში".
კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0