„ენჯეოები" და მათი დონორები დროა გაევროპულდნენ: პრემიერი სკანდალურ კანონპროექტზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
მისი თქმით, როცა მართალი ხარ, დაფინანსების წყაროს დამალვის საჭირო არ არის.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკვე დანერგა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტები, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორების დროა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიღებაზეც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე თქვა უარი. განცხადება ამის თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობასთან.
„ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, როცა მართალი ხარ, დაფინანსების წყაროს დამალვის საჭირო არ არის.
„როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი", - განაცხადა პრემიერმა.
მისი აზრით, ხელახლა ინიცირებული კანონ დონორებს რიგი უხერხული სიტუაციებიდან დაიცავს.
„დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული", -აღნისნა კობახიძემ.
მისი თქმით, საკუთარი ქმედებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში ნდობას კარგავენ.
„ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონის მიღებას მხოლოდ ისინი ეწინააღმდეგებიან, ვინც საქათველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყო.
„არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა", - აღნიშნა კობახიძემ.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0