ექსპერტი: „აგენტების შესახებ“ კანონი მიღება აუცილებელია სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის

© photo: Sputnik / Stringerმაია ნიკოლეიშვილი
მაია ნიკოლეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებენ, განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება აუცილებელია, რადგანაც საუბარი მიდის საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიღებაზეც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე თქვა უარი. განცხადება ამის თაობაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„გეუბნებით, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია. აქ საუბარია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე. ათწლეულების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებენ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, კანონპროექტის ინიცირება ამჯერად არ გამოიწვევს ისეთ ვნებათაღელვას, როგორიც იყო გასული წლის მარტში, რადგანაც საზოგადოება უფრო მომზადებული და ინფორმირებულია.
„ხელისუფლებამ ერთ წელიწადში მოახერხა საზოგადოების მომზადება ამ საკითხზე. უკვე ვერ შეძლებენ ხალხით მანიპულირებას. ასე ვთქვათ, საზოგადოება გაიზარდა“, - განაცხადა ექსპერტმა.
კანონპროექტის მიღება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.
ინიციატივის ჩავარდნის ისტორია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა 2023 წლის გაზაფხულზე იყო. აჟიოტაჟი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის თებერვლის შუა რიცხვებში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა პარტია „ხალხის ძალამ" კანონპროექტი დააინიცირა.
ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა იდეას და განმარტა, რომ პროექტის ერთადერთი მიზანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ქართული ოცნებისა" და „ხალხის ძალის" ლიდერები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე (FARA) გაცილებით ლიბერალურია.
როგორც მტკიცებულება, „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა FARA ქართულ ენაზე თითქმის მთლიანად თარგმნეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტის პირველ ვარიანტს აპროტესტებდნენ, კანონის ამ ვერსიის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ - აღნიშნული პროექტიც ჩავარდა.
ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უნდა გაემჟღავნებინათ, პროექტს მაშინვე „რუსული კანონი" უწოდეს.
მოგვიანებით, საქართველოში იმ დროისთვის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ ეს არის „რუსული კანონი“ - საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამის ფონზე საქართველოში საპროტესტო განწყობები გაიზარდა. თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს ათობით მომიტინგე, ადმინისტრაციული სასჯელის სახით თითქმის ყველას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გისოსებს მიღმა მხოლოდ ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ამ დრომდე განაჩენს ელოდება. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, რის შედეგადაც ორმა მათგანმა დამწვრობა მიიღო. გრიგორიადისს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შედეგად, ხელისუფლებამ უარი განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე. როგორც მაშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნული კანონის მიღების საკითხს.
ყველა ახალი ამბავი
0