ვიცე-პრემიერმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ისაუბრა

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2024
გამოწერა
საქართველო არის მრავალგანზომილებიანი ეკონომიკური და ლოჯისტიკური ჰაბი რეგიონში, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო 51%-ს ფლობდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე კერძო ინვესტორების წინადადებების წარმოდგენა მაისში დასრულდება, გამარჯვებული კი წლის ბოლომდე გამოვლინდება. გეგმებშია ძირითადი საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე წელს დაწყება.
„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია იმ რეალური პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა, რაც საქართველოს რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს. ამ კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი იძენს, რომელიც გეგმის მიხედვით ვითარდება", - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ადრე ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ახალი პორტი ტვირთების მიღებას, სავარაუდოდ, 2027-2028 წლებში შეძლებს.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0